10/05/2026
სავსე ტრიბუნების ქალაქი
ვგრძნობთ, გვიხარია, გვიყვარს … გუნდი, რომელიც უყვარდათ და გუნდი, რომელსაც უყვარდა ხალხი – ჩვენ. ქალაქს არ ეკუთვნოდა გუნდი, გუნდს ეკუთვნოდა ქალაქი. ჩვენ დამოკიდებულნი ვიყავით გუნდზე, გუნდი იყო ჩვენი ნარკოტიკი და ახლა მეტადონზე ვართ… გუნდი აღარ არის, მაგრამ მაინც ჰყავს გულშემატკივრები. ჩვენ არარსებულ გუნდს ვქომაგობთ. დავრჩით ერთგულების, სახელის და წარსულის ამარა – მოლოდინის და იმედების გარეშე. იმსახურებდა თუ არა გუნდი ამას, ან ვიმსახურებდით თუარა ჩვენ უგუნდობას ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ფაქტი ურყევია – ჩვენ აღარ გვყავს გუნდი. ეს ბევრ რამეს ცვლის, ცვლის დამოკიდებულებას “სხვების” მიმართ და “სხვების” დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ, რადგან ეკიპაჟი ვართ გემის გარეშე – მიტოვებული ტრიბუნა ვართ და არავის ჭირდება “არაფრის” ქომაგობა. ჩვენ აღარ გვჯერა, აღარ გვიყვარს … ჩვენ უბრალოდ გვენატრება, რომ გვიყვარდეს და გვჯეროდეს გუნდის, გვწამდეს ბიჭების, რომლებიც თამაშის მერე მოვლენ და ტაშს დაგვიკრავენ, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ვუკრავდით ტაშს თამაშისას… მადლობას გადაგვიხდიდნენ იმის გამო, რომ გვიყვარდა ისინი. არ ველოდები, რომ ვინმეს გულამდე მივა ეს წერილი და არც არავის ვთხოვ აღადგინოს გუნდი, არ მინდა ჩვენ ვიღაცის კეთილ ნებაზე ვიყოთ დამოკიდებულნი, რადგან ამ სიყვარულზე არ მინდა ვინმემ ისე ითამაშოს, როგორც მოედანზე. ჩვენ მაინც გვეყვარება ჩვენი გუნდი, რომც არ იარსებოს მან.
პატარა ქალაქია ზესტაფონი, არცისე ლამაზი და საყვარელი. ცხოვრება მომაბეზრებელია – უსულო და უემოციო. აფიშებზე ჯაბა დვალი ეხატა. თითქმის სამი წელი გავიდა და ეს აფიშები ისევ არის გაკრული ქალქში – უსულო და უემოციო ქალაქში. სტადიონის განათება მთელ ქალაქს ანათებდა ღამით. ეს იყო მანიშნებელი, რომ ვარჯიშობდნენ – ხვალინდელი მატჩისთვის.
მოედნის მარცხენა მაღალ კუთხეში საფარი ირწყვებოდა, მოპირდაპირე მხარეს გუნდი კვადრატს თამაშობდა. ფანების ტრიბუნის დაბლა მონიწააღმდეგეთა სამწვრთნელო შტაბი იყო – მოხერხებული ადგილიდან გვიწევდა ქომაგობა. გუნდიც ახლოს გვყავდა და მტერიც. ვავსებდით ტრიბუნებს, ვემზადებოდით საყვირლად და ამით ბედნიერები და მხიარულები ვიყავით. გუნდი იყო ამ ქალაქის სული და ემოცია. სუნთქვასავით ჩვეულებრივი მოვლენა იყო სტადიონზე მისვლა – ახლა მხოლოდ ვიხსენებთ
ჩვენს ტრიბუნაზე ჩვენ უნდა ვიდგეთ ჩვენ გუნდს უნდა ვამხნევებდეთ … უსამართლობაა უგუნდობა, უსამართლობაა როცა გართმევენ საყვარელს – ჩვენ გვიყვარდა პატარა ქალაქის დიდი გუნდი. ახლა გვიყვარს წარსული.