26/08/2026
2026 წლის სეზონის ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის ტურნირის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში "ზესტაფონმა" საფეხბურთო კლუბ "გორის" მეორე გუნდს უმასპინძლა.
თანაბარ ბრძოლაში გალეული მატჩის სადებიუტო ნაწილის შემდეგ, ანგარიში მოულოდნელად სტუმრებმა გახსნეს - მასპინძელთა კართან ჩამოწოდებული კუთხური გორელებმა ლამაზი თავური დარტყმით დააგვირგვინეს...
ამის შემდეგ უპირატესობას უკვე "ზესტაფონი" დაეუფლა და ტაიმის შუაწელს იმერულმა გუნდმა ანგარიშში თანაფარდობის აღდგენა მოახერხა - თავი ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით ცოტნე კვენეტაძემ გამოიჩინა...
თამაში ნომინალურ მასპინძელთა უპირატესობით გაგრძელდა და ტაიმის ბოლომდე მათ ანგარიშში დასაწინაურებლად რამდენიმე კარგი ეპიზოდიც შეექმნათ, თუმცა გორელთა გოლკიპერის ჩინებული თამაშის წყალობით პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა...
შეხვედრის მეორე ტაიმი კი უკვე სტუმართა გააქტიურებით დაიწყო - შიდაქართლელებმა მასპინძელთა კარს რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტიეს და საქმეში ჩართვა და თავის სპორტული ოსტატობის დემონსტრირება უკვე მასპინძელთა ახალგაზრდა გოლკიპერ დავით ქობალიას მოუხდა...
თამაში მალევე გათანაბრდა და დარჩენილი დროის უმეტესი ნაწილი გუნდებმა ორმხრივ, თუმც უშედეგო იერიშებში გაატარეს...
საბოლოოდ, დღევანდელი დაპირისპირების ბედი მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე გადაწყდა - ზესტაფონელთა შეტევის მარცხენა ფლანგზე თამაშში ნიკა მამულაშვილი ჩაერთო, გზად რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და საკმაოდ მახვილი კუთხიდან ბურთი გორელთა კარის ბადეში გადააგზავნა...
საზაფხულო პაუზის შემდეგ "ზესტაფონის" პირველი გამარჯვება - 2:1.