20/01/2020
„ბრმა ბუ“ - პირველი შეხება ირანთან
ამ წიგნის მოყოლა იგივეა, ვინმეს სიურრეალისტური ნახატი მოუყვე.
"მზე ოქროს სამართებელივით პარსავდა და იღებდა კედელთან დაფენილ ჩრდილს“
ეს იყო პირველი „ნახატი“ და არა ნაწერი წიგნი ჩემთვის. სანამ ორ სიტყვას მე თვითონ გეტყოდეთ, ამ ფრაზებს მოუსმინეთ.
„სხეულზე სისხლის წებოვან სიცივეს ვგრძნობდი“,
„მერე კი ფიქრები ერთბაშად გაქრა და ჩამობნელდა. თითქოს მთელი ჩემი არსებობა უძირო შავ ჭაში ჩაკიდებულ წვრილ კაუჭს ჩამოება“;
„მსურს მთელი ჩემი ცხოვრება ხელებში მოვიქციო და ყურძნის მტევანივით დავსრისო, მერე კი მისი წვენი - არა, მისი ღვინო ჩემს ჩრდილს წმინდა წყლის წვეთებად ჩავაწურო გამომშრალ ყელში. მხოლოდ ის მინდა, წასვლამდე იმ ტკივილების ქაღალდზე გადატანა მოვასწრო, ამ ოთახში ნაწილ-ნაწილ რომ გამომხრა, როგორც კეთრმა ან კიბომ.“
„მკვრივი სიბნელე იდგა“, „
„იმდენი განხვავებული რამ მინახავს, იმდენი სხვადასხვა სიტყვა მომისმენია, ჩემს მზერას იმდენი საგნის ზედაპირიდან აუთლია ის ნატიფი თუ ტლანქი ფენები, რომელთა უკანაც სული მიმალულა, რომ ახლა აღარაფრის მწამს - საგანთა წონა-სიმყარისაც კი...ეზოს კუთხეში ჩადგმულ ქვის როდინს რომ ვკითხო: „შენ მძიმე და მყარი ხარ?“ და მისი „დიახ“ მოვისმინო, არ ვიცი, უნდა ვენდო კი?!!“
რა არის ის, რის გამოც შეძლება დაუგროვდეს ამდენი და ასეთი სათქმელი ადამიანს, რა უნდა იყოს ისეთი, მეორე ადამიანთან ან საკუთრ თავთან კომუნიკაციით რომ არ ეშველება და ზრდასრული, ყოველმხრივ განათლებული ადამიანი თვითმკვლელობამდე შეიძლება მიიყვანოს. (ჰედაიათმა, წიგნის ავტორმა თავი მოიკლა). არა უპასუხო სიყვარული, არა მითუმეტეს სამშობლო, არც რამე ზოგადსაკაცობრიო, თუნდაც ყველაზე საშინელი თემები. ადამიანი, ჩემი აზრით, ასეთი მოწყვლადი, სამყაროს მიმართ, იბადება. მიზეზებს არ ჩამოვთვლი. მხოლოდ წარმოუდგენელ მარტოსულობას მიჰყავს ადამიანი აქამდე. ცხოვრების რაღაც ეტაპზე ეს მარტოსულობა ალბათ ყველა ადამიანს გაკრავს ხოლმე თავის ცოფიან კბილს და წამლავს, მაგრამ არიან ისეთები, როგორც ამ წიგნის ავტორია, სადეყ ჰედაიათი. და ასეთებისთვის, მარტოსულობის განცდა არაა ცხოვრების ეტაპი, სამწუხაროდ...
მგონია, რომ ისინი, არ ვიცი რა ძალით, მაგრამ თავიდანვე „ჩაფიქრებულნი“ არიან ასეთი ბოლოსთვის. არ ვგულისხმობ, რომ ეს ბედია, მაგრამ... რაც გინდათ ის დაარქვით ამას, გინდათ ის თქვით, რომ მათ სამყარო ვერ შეიცნეს, სწორი შეკითხვები ვერ დასვეს მასთან და შესაბამისად ვერც სწორი პასუხები მიიღეს, სიყვარული აკლდათ მიღებული თუ თავისივე გაცემული და ათასგვარი ფილოსოფიური კუთხით მოუძებნოთ მიზეზები; ოღონდ არ აიძლულოს თავი ადამიანმა ბოლომდე შევიდეს ასეთი ადამიანის ტყავში, რომელმაც შესაძლოა ყველა აქ ზემოთ ჩამოთვლილი და ასჯერ ამაზე მეტიც გადასინჯა და ბოლოს მაინც ისე დაასრულა, როგორც დაასრულა. ფაქტი ხომ ესაა?!... ფაქტი ხომ დასასრულია?!... არიან ადამიანები, რომელთაც სამყარო, როგორც ჩანს, ყველა თავისი სიკეთით არ უღირთ... და შორიდან ეს როგორღაც დაღლას გავს, დაღლას კარგითაც და ცუდითაც. სხვა სიტყვებით ვერ ავხსნი... და რა ირონიული და აბსურდულია ამდროს რელიგია თვითმკვლელობის წინაღმდეგ
არ მიჩნდება არანაირი სურვილი ჟანრობრივად განვიხილო ეს წიგნი, ვილაპარაკო ან ცნობიერების ნაკადზე ან სიმბოლიზმზე და ასე შემდეგ, იმ ყველა მეათასე ხარისხოვანზე, რაც წიგნის უკან დგას. ეს ჩემთვის ამ წიგნის შეურაცხყოფაა, თუ სპეციალურ ლექციას არ ატარებ. და ამ წიგნის მოყოლაც შეუძლებელია. გულწრფელად გეუბნებით. ვერ გაიგებთ სად იწყება და მთავრდება ხაზი, სად წარსულია და სად აქვე წინ გიზის მთვარი გმირი და გელაპარაკება, არა, თავის თავს, აჩრდილს ელაპარაკება. ამ წიგნის მოყოლა მართლაც იგივეა, ვინმეს სიურრეალისტური ნახატი მოუყვე...
წიგნში ყველა ფაქტურას ზუსტად შეიგრძნობ, რასაც კი ავტორი აღწერს. გცემს ყველა სუნი,ზუსტად გესმის ბერიკაცის ხითხითიც, და ამ ხითხითის გაგონებაზე შენც ისევე თავზარი გეცემა, როგორც წიგნის მთავარ გმირს. ის ლოტოსის ყვავილიც კი, რომელსაც ასე ხშირად ახსენებს ჰედაიათი, თითქოს ხელის გაწვდენაზეა შენგან, იმ ულამაზეს ქალსაც, რომელიც ადამიანის გარდა ყველაფრის შთაბეჭდილებას ტოვებს, ათასჯერ ხატავ გონებით...
„ჩაწითლებული ქუთუთოები, ჯიუტი და აბეზარი სნება რომ შესჯდომია. მკლავზე თილისმა შეუბამს, ხუთშაბათ ღამით კი ჩაყვითლებულ-ჩაფცქვნილი კბილებით ყურანს ჩიფჩიფებს...ნეტავ მის დაჩორკნილ-დაბრეცილ თავის ქალაში, რომელიზეც ყვითელი ჩალმა შემოუკრავს, მის ვიწრო შუბლს მიღმა რა ბრიყვული და აბეზარი ფიქრები მრავლდებიან სარეველა ბალახივით?“...
„მთელი ეს ფაციფუცი, სხვათა ცხოვრების აღლუმი, მდაბიოები, სულხორცეულად ერთმანეთს რომ ემსგავსებოდნენ - ჩემთვის სრულიად უცხონი და უფასურნი გახდნენ.“ (სხვებზე აღმატებულობის შეგრძნება ისაა, რაც სულ წითელი ხაზივით დაყვება წიგნს და ერთი წამით არ გიჩნდება კრიტიკის და გაკიცხვის სურვილი... აქ მარტო თანაგრძნობა იღვიძებს.
„ერთი მათგანი ყველა დანარჩენს განასახიერებდა - „ნაწლავებჩამობმულ პირს, რომელიც სასქესო ორგანოთი ბოლოვდება“.
„სულმთლად იმ ბოზს ჰგავდა და მისი უწმინდური სულის ერთ ნაგლეჯსაც ატარებდა - გრძნობებისგან და სულიერებისგან დაცლილ თურქმენულ სახეს, რომელიც ცხოვრებასთან ჭიდილისთვის იყო შექმნილი; იერს, რომელსაც სიცოცხლის გასაგრძელებლად ყველა გზა დასაშვებად მიაჩნდა“.
„მისი სახის, მისი თვალების მრცხვენოდა, ქალის, რომელიც საკუთარ სხეულს ჩემ გარდა ყველას სთვაზობდა, მე კი გულს მისი ბუნდოვანი ბავშვობის მოგონებითღა ვიამებდი".
„მხოლოდ ის მაინტერესებდა დილამდე გავაწევდი თუ არა. ვგრძნობდი სიკვდილისი წინაშე რა უმწეო და გულუბრყვილო იყო რჯული, რელიგია და სარწმუნოება, ისინი თითქოს ჯანსაღი და ბედნიერი ადამიანების გასართობად არსებობდა.“
„ჩემი ჩრდილი ჩემს არსებობაზე უფრო რეალური გამხდარიყო. თითქოს მეწვრილმანე ბერიკაცი, ყასაბი, გადია და ბოზი ცოლი - ყველანი ჩემი ჩრდილები იყვნენ... ბუს დავმსაგავსებოდი, მაგრამ კივილი ყელში ჩამხშობოდა და მას სისხლის ნაფლეთებად ვაფურთხებდი... ქვეშ-ქვეშად ვუყურებდი საკუთარ ჩრდილს და მეშინოდა“.
„ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ თითქიმის ღმერთად ვიქეცი; ადამიანის პატარა, მდაბალი მოთხოვნილებების მიღმა დავდექი, საკუთარ თავში მარადისობის დაუსაბამო მოძარაობა შევიგრძენი. რა არის დაუსაბამობა? დაუსაბამობა ჩაემთვის ნაჰრ-ე სურენის პირას იმ ბოზთან დამალობანას თამაში, წამიერად თვალის დახუჭვა და მის კალთაში თავის ჩამალვა იყო“.
სულ თვალწინ გიდგას სურათი - საროს ხის ძირას ფეხმორთხმით მჯდარი ბერიკაცი, რომელსაც შავ კაბაში ჩაცმული ქალი ლოტოსის ყვავილს აწვდის. მათ შორის კი ნაკადული მიედინება...
სულ ბოლოს კიმ კი-დუკის ულამაზესი ფილმის მუსიკას გიტოვებთ, რომელიც არ ვიცი რატომ მაგონებს ამ წიგნს...