13/03/2014
კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi) კავკასიის ენდემია და იგი ცნობილია როგორც გლობალურად საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა. ის როჭოს ერთ-ერთი სახეობაა და წარმოდგენილია გავრცელების მცირე და ძლიერ ფრაგმენტირებული არეალით (დაახლ. 12 000 კვ. კმ.). ეს საშუალო ზომის ტყის ფრინველია, სხეულის სიგრძე 50 სმ-მდეა. წონა - 600 – 1100 გრამი. მამალი დედალზე დიდია და შეფერილობითაც განსხვავდება. ორწლიანი და მეტი წლის მამალი სრულიად შავია, მხოლოდ იღლიის ბუმბულები აქვს თეთრი, თვალებს ზემოთ კანი (წარბი) კი წითელია. დედალი როჭო კი ჩალისფერია, მუქი მოყავისფრო განივი წინწკლებით.როჭოებისათვის დამახასიათებელია ასაკობრივი დიმორფიზმი. ერთწლიანი მამალი შეფერილობით დედალს ჰგავს, მაგრამ მასთან შედარებით ყავისფერი წინწკლები უფრო წვრილი და ხშირი აქვს. ახალგაზრდა მამალი საბოლოოდ მხოლოდ ზრდასრულობის მიღწევისას, მე-3-ე წელს იფარება შავი ბუმბულით.მამალს გრძელი და ლამაზი კუდი აქვს, რომელიც ბოლოში ორად არის გაყოფილი და ქვემოთაა დახრილი. საქართველოში ბინადრობს როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე. გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე უმთავრესად დეკით დაფარულ ფერდობებზე. ასევე მეჩხერ არყნარი ტყისა და სუბალპური ზონის საზღვარზე. გამრავლების ზესეზნი იწყება მაისში ან ივნისის დასაწყისში. დედალი დებს საშუალოდ 10 კვერცხს და ჩეკს 6–7 წიწილას. ინკუბაციის პერიოდი შეადგენს 20-25 დღეს. წიწილები ფრენას უკვე 10-14 დღის ასაკში იწყებენ და ზრდასრული როჭოს ზომას 2 თვისას აღწევენ. როგორც წესი დედლები ზრდასრულები ცხოვრების პირველსავე წელს ხდებიან, ხოლო მამალები 2 წლის ასაკში. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით.ეს ფრინველი როგორც ცალკე სახეობა მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1875 წელს. მანამდე კი მეცნიერები მას ევროპულ შავ როჭოდ მიიჩნევდნენ. მას შემდეგ, რაც პოლონელი გადამდგარი ოფიცერი მლოკოსიევიჩი ჩამოსახლებული იქნა საქართველოში მეფის რუსეთის დროს და მუშაობა დაიწყო ლაგოდეხის ნაკრძალში მეტყევედ, მისმა დაკვირვებამ და ვარშავის უნივერსიტეტში გაგზავნილმა წერილმა გადაწყვიტა ამ ფრინველის სახელდების ბედი. პოლონელმა ზოოლოგმა, პროფესორმა ტაჩანოვსკიმ ახალ სახეობას მლოკოსევიჩის როჭო უწოდა.
პოპულაციის საერთო რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით 10,000–დან 17,000 ინდივიდამდე მერყეობს. სახეობის გავრცელება ფარავს 6 ქვეყანას: საქართველო, აზერბაიჯანი, სასომხეთი, სამხრეთ რუსეთი, ჩრდილო-დასავლეთ თურქეთი და ჩრდილო-ირანის მცირე ნაწილი. სახეობა მისი გავრცელების ყველა ქვეყნის წითელ სიაშია შეტანილი, როგორც იშვიათი პოპულაცია შემცირებადი ტენდენციით, და ასევე შეტანილია საერთაშორისო სიებში: ევროპის ყურადღების ქვეშ მყოფი სახეობები (Species of European Concern) კატეგორია 2 სტატუსი “არასაკმარისად შესწავლილი” და IUCN – ის 2004 წლის წითელ სიაში (2004 IUCN Red List) სტატუსით “არასაკმარისი მონაცემების მქონე”. სახეობის გავრცელების მცირე არეალის, მაღალმთიანი ადგილსამყოფელის, და მცირე პოპულაციის გამო სახეობის შესწავლა აქამდე სათანადოდ ვერ მოხერხდა.
ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, მთელი პოპულაციის მხოლოდ 5-7% იმყოფება ოფიციალური დაცვის ქვეშ (საქართველოში 3-4%). კავკასიური როჭოს მთავარ შემაწუხებელ ფაქტორებად მიჩნეულია:
1. ჰაბიტატის (ბინადრობის ადგილი) დეგრადაცია, გამოწვეული ზედმეტი ძოვებით, გაუტყეოებით, ეროზიით და განვითარებით;
2. მეცხვარე და უპატრონო ძაღლების მიერ მტაცებლობით, განსაკუთრებით კი მათი მსხვერპლი ხდება ახალგაზრდა სახეობები, ბარტყები და კვერცხები;
3. არალეგალური ნადირობით, რაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში.
ამის გარდა, ინდივიდუალური პოპულაციების მაღალი ფრაგმენტაცია შესაძლოა სახეობის არსებობისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდეს – მინიმალური კავშირები აღმოსავლეთ და დასავლეთ, დიდ და მცირე კავკასიონის პოპულაციებს შორის შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს სახეობის გადარჩენისთვის. ჩრდილო ნაწილთან შედარებით ფრაგმენტაციის დონე შედარებით მაღალია როჭოს გავრცელების არეალის ურბანიზებულ და მეტად განვითარებულ სამხრეთ ნაწილში. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს სახეობის გაქრობის მიზეზი ამ ადგილებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს დიდმა პროექტებმა და განვითარებამ.
კავკასიური როჭოს გავრცელების არეალის თვალსაზრისით საქართველოს ცენტრალური ადგილი უკავია: აქ მთლიანი გავრცელების 50 % და მთელი რიცხოვნების 45-55% - ია თავმოყრილი. საქართველო ასევე ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ერთდროულად გვხვდება მცირე და დიდი კავკასიონის პოპულაციები. ეფექტური მენეჯმენტის განხორციელებისთვის საჭიროა უფრო ზუსტი ინფორმაცია სახეობის გავრცელებისა და ჰაბიტატის მდგომარეობის, პოპულაციური ეკოლოგიისა და გენეტიკის, პოტენციური და არსებული შემაწუხებელი ფაქტორების შესახებ.