21/11/2023
1 წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ ნაკრებს რებრენდინგი გაუკეთა, სლოგანად კი “მე ვარ საქართველო” აარჩია. ამ სიტყვების უკან იყო ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ კოლექტიური წარმატებისთვის აუცილებელია ყველა ინდივიდმა საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზროს. ქვემოთ მოცემული ციტატები არის რებრენდინგის პრეზენტაციის ვიდეოდან.
ლევან კობიაშვილი: “სულ ყოველთვის იყო ეს პრობლემა, პასუხისმგებლობის თავის თავზე აღების გვეშინოდა და სულ ყოველთვის ველოდებოდით ალბათ რომ სხვა გააკეთებს ჩემს გასაკეთებელს. დინებით მივყვებოდით ყველაფერს, არასდროს ვეძებდით გამოსავალს. ადვილი არის ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით, როცა საკუთარ პრობლემებს ვაბრალებდით სხვას.
მე უნდა ვიყო იმ ლიმიტზე, მე უნდა ვაკეთო მაქსიმუმი და თუ ამ ფილოსოფიით იქნება თითოეული ჩვენგანი, ეს იქნება წარმატების გასაღები, ეს არის რაც ყველაზე ძალიან გვჭირდება. მე ვარ საქართველო, ეს არის ზუსტად რაც ძალიან გვჭირდება და გვაკლია. ამით თითოეული ჩვენთაგანი გამოხატავს რომ ჩვენ ვიღებთ პირველ რიგში პასუხისმგებლობას ჩვენ თავზე, იმაზე რომ ჩვენი ნაკრები იყოს წარმატებული.”
ალექსანდრე იაშვილი: “ძალიან მნიშვნელოვანია ყველას გვესმოდეს და ვიცოდეთ რომ წარმატებას სჭირდება ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობის აღება. ფეხბურთი რომ იყოს წარმატებული ყველა ჩვენგანმა ჩვენი საუკეთესო უნდა მივცეთ. მე არ შემიძლია რომ სხვას მოვთხოვო თუ მე არ მივეცი იმის მაგალითი რომ მე ჩემ საუკეთესოს გავაკეთებ წარმატების მიღწევისთვის. ხანდახან გვესმის რომ გუნდურ თამაშში შეგვიძლია სხვას დავეყრდნოთ და სხვის იმედზე ვიყოთ, სხვა გააკეთებს და მე უბრალოდ მივყვები დინებას, რაც წარმოუდგენელია. მხოლოდ ჩვენი პირადი საუკეთესოს გაკეთებით შეგვიძლია წარმატების მიღწევა.”
ამ ვიდეოში ნათქვამი სიტყვების და 2015 წელს გაკეთებული განცხადების შემდეგ არანაირი მორალური უფლება აღარ გაქვთ ფედერაციაში დარჩენის. ვაფასებთ თქვენს საფეხბურთო კარიერას, გვიყვარს ის მოგონებები, რომლებიც გვაჩუქეთ, მაგრამ დროა გულშემატკივარს ბოდიში მოუხადოთ და ჩამოშორდეთ იმ საქმეს რომლის არც კომპეტენცია და არც პროფესიონალიზმი არ გაგაჩნიათ! ბოლო წინადადება თუ გეცნოთ, გაიხსენეთ 2015 წელი.