10/08/2026
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის განცხადება BPC-157-ის გამოყენებასთან დაკავშირებით
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ექსპერიმენტული პეპტიდის BPC-157-ის საქართველოში თავისუფალი ხელმისაწვდომობისა და მისი გამოყენების პოპულარიზაციის გამო.
ბოლო პერიოდში BPC-157 აქტიურად იყიდება სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმაზე, სადაც იგი მომხმარებლებს წარედგინება როგორც ანთების საწინააღმდეგო, ტრავმების შეხორცების, ქსოვილების რეგენერაციისა და აღდგენის ხელშემწყობი საშუალება. მსგავსი მარკეტინგული განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული ნივთიერების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებულია, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოების პოზიციას.
⚠️ BPC-157 არ არის დამტკიცებული ადამიანებში კლინიკური გამოყენებისთვის არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოს მიერ, მათ შორის არც აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) და არც ევროპის წამლების სააგენტოს (EMA). ადამიანებში მისი უსაფრთხოება, ეფექტიანობა და სხვადასხვა სამედიცინო ჩვენებით გამოყენება არ არის დადასტურებული მაღალი ხარისხის კლინიკური კვლევებით.
⚠️ ამასთანავე, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) 2026 წლის აკრძალული სიის მიხედვით, BPC-157 შეტანილია S0 - „დაუმტკიცებელი ნივთიერებების“ კატეგორიაში, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება აკრძალულია ნებისმიერ დროს - როგორც შეჯიბრების პერიოდში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის თავისუფალი რეალიზაცია ან ინტერნეტპლატფორმებზე განთავსებული აღწერილობები არ ნიშნავს, რომ იგი არის უსაფრთხო, რეგისტრირებული ან სამედიცინო გამოყენებისთვის დამტკიცებული. მომხმარებლებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ისეთი ნივთიერებების გამოყენებისას, რომელთა ეფექტიანობა და უსაფრთხოება სათანადოდ არ არის დადასტურებული.
სპორტსმენებისთვის დამატებითი რისკია ისიც, რომ ანტიდოპინგური წესების მიხედვით, თითოეული სპორტსმენი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ორგანიზმში აღმოჩენილ აკრძალულ ნივთიერებაზე, მიუხედავად იმისა, როგორ ან რა მიზნით იყო პროდუქტი რეკლამირებული ან შეძენილი.
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია მოუწოდებს:
⚠️ სპორტსმენებს - თავი შეიკავონ BPC-157-ისა და სხვა დაუმტკიცებელი ნივთიერებების გამოყენებისგან, რათა დაიცვან როგორც საკუთარი ჯანმრთელობა, ისე სპორტული კარიერა;
⚠️ ექიმებსა და სპორტსმენის დამხმარე პერსონალს - კლინიკურ პრაქტიკაში იხელმძღვანელონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპებით და არ გაუწიონ რეკომენდაცია იმ ნივთიერებებს, რომელთა უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის სათანადოდ დადასტურებული;
⚠️მოქალაქეებს - ნუ მიიღებენ ექსპერიმენტულ ნივთიერებებს მხოლოდ ინტერნეტრეკლამის, სოციალური ქსელების ან არასამედიცინო წყაროების საფუძველზე. ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია კვალიფიციურ ექიმთან კონსულტაცია.
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ BPC-157-ის საქართველოში რეალიზაციის კანონიერება და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
ჩვენი მთავარი მიზანია საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, სპორტში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპების მხარდაჭერა.
⚠️ არ გამოიყენოთ დაუმტკიცებელი ნივთიერებები ჯანმრთელობისა და სპორტული შედეგების გაუმჯობესების მიზნით!
✅ინფორმირებული გადაწყვეტილება საუკეთესო დაცვაა როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე სპორტული კარიერისთვის!