08/02/2026
ამა წლის 6-8 თებერვალს, ა(ა)იპ თბილისის უშუს ფედერაციის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თბილისში თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური , ბობ უოლშის №23-ში მდებარე „ტანვარჯიშის არენაზე“ (დიღმის მასივი, ოლიმპიური სოფელი) გაიმართა თბილისის უშუს მე-16 ღია პირველობა.
ტურნირში თბილისის კლუბებთან და გუნდებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს 7 რეგიონის (მარნეული, წალკა, დედოფლისწყარო, დუშეთი, მარტვილი, ქუთაისი, ფოთი) სპორტული სკოლებისა და გუნდების 160-მდე სპორტსმენმა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში (უშუ-სანდა: 6-40 წ.; სპორტული ტაოლუ: 6-35 წ.; ტრადიციული ტაოლუ: 8 წლამდე ასაკიდან 60+ ვეტერანთა კატეგორიის ჩათვლით).
შეჯიბრებას უძღვებოდა ორი სამსაჯო კოლეგია (სანდასა და ტაოლუს მიმართულებით) საერთაშორისო კატეგორიის მთავარი მსაჯების — გიორგი ვერულიძის Giorgi Verulidze (უშუ-ტაოლუ) და ავთანდილ ჯიშიაშვილის ავთანდილ ჯიშიაშვილი (უშუ-სანდა) ხელმძღვანელობით.
6 თებერვალი: დაეთმო გუნდების მიღებას, რეგისტრაციას, კენჭისყრასა და მსაჯების წინასაშეჯიბრო სემინარს.
7 თებერვალი: გაიმართა ორთაბრძოლები უშუ-სანდაში და საჩვენებელი გამოსვლები სპორტულ უშუ-ტაოლუში. დღის ბოლოს შედგა გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.
8 თებერვალი: ჩატარდა ფინალური ბრძოლები სანდაში და ტრადიციული უშუ-ტაოლუს გამოსვლები. ტურნირის დასასრულს დაჯილდოვდნენ გამარჯვებული სპორტსმენები.
ა(ა)იპ თბილისის უშუს ფედერაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი თბილისში, უშუს პოპულარიზაციასა და განვითარებაში.
ფედერაციის სახელით, გვინდა თითოეული მონაწილე სპორტსმენის მიმართ გამოვხატოთ დიდი პატივისცემა და გულწრფელი მადლიერება. მათი შრომისმოყვარეობა, დისციპლინა და ის ბრძოლისუნარიანობა, რომელიც აჩვენეს, ჩვენთვის უდიდესი სიამაყის საფუძველია. ვაფასებთ მათ ერთგულებას ამ სპორტის მიმართ და გვჯერა, რომ თითოეული მათგანის წარმატება ჩვენი საერთო გამარჯვება და წინ გადადგმული ნაბიჯია.
მადლობას ვუხდით მწვრთნელებსა და მშობლებს, რომლებიც დაუღალავად დგანან თითოეული სპორტსმენის გვერდით. ვულოცავთ ყველა პრიზიორს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ყველას ვუსურვებთ წინსვლას მომავალ ასპარეზობებზე!