11/11/2025
ტფილისში ყოფნის დროს, თვენახევრის განმავლობაში, ალექსანდრე დიუმა ხშირად, „ორ დღეში ერთხელ“, დადიოდა ქალაქის აბანოებში. საკუთარ წიგნში „კავკასია“, დიუმა თბილისელ მექისეთა მომსახურების შესახებ აღნიშნავდა:
„ერთი ხის ტახტზე დამაწვინეს. თავქვეშ სველი ბალიში ამომიდეს და ხელ-ფეხი გამაჭიმინეს. მერე სათითაოდ ხელებში მეცნენ და სახსრების მტვრევა დამიწყეს. ეს ოპერაცია მხრებიდან დაიწყო და თითების უაკანასკნელი სახსრებით გათავდა. შემდეგ ფეხებს მიჰყვეს ხელი. ფეხებს რომ მორჩნენ, კეფაზე, ხერხემალზე და წელზე გადავიდნენ. ეს ვარჯიში, რომელსაც თითქოს სახსრების სრული დამტვრევა უნდა გამოეწვია, სრულიად ბუნებრივად მიმდინარეობდა და არმცთუ უმტკივნეულო იყო, არამედ ერთგვარად სასიამოვნოც. თუმცა ჩემს სახსრებს თავისდღეში ამგვარი არაფერი განუცდიათ, ისე გაუძლეს ამ მტვრევას თითქოს მთელი სიცოცხლე ასე მევარჯიშოს. პირსახოცით რომ დამკეცონ და კარადის თავზე რომ დამდონ, მაინც არაფერი მეტკინება-მეთქი, ვფიქრობდი.
ზელვის პირველი ეტაპი რომ დაასრულეს, მექისეებმა შემატრიალეს და ვიდრე ერთი მათგანი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხელებს მიზელდა, მეორე ჩემს ზურგზე ცეკვას შეუდგა, თან დროდადრო ფეხი უცურდებოდა და შლაპუნით იატაკზე ეცემოდა. უცნაური, რომ ეს კაცი, რომელიც ალბათ, ასოც გირვანქას იწონიდა, პეპელასავით მსუბუქი მეჩვენებოდა. იგი ზურგზე მაძვრებოდა, შემდეგ გადადიოდა, ისევ მაძვრებოდა, და ეს ქმნიდა შეგრძნებათა მთელ ჯაჭვს, რომელიც აუწერელ ნეტარებას მგვრიდა, ისე ვსუნთქავდი, როგორც არასდროს. კუნთებში სრულიად არ ვგრძნობდი დაღლილობას, პირიქით, ისინი უფრო მოქნილნი გახდნენ, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენებოდა. იმ წუთში სანაძლეოს დავდებდი, რომ გაშლილი ხელებით მთელ კავკასიას ავწევდი“