29/09/2025
„კანიონინგი საქართველო“ "საქართველოს კანიონერთა ეროვნული ფედერაცია" რამდენიმე წელია გეგმავს სვანეთში, შდუგრას ჩანჩქერების მიდამოებში, კანიონის სრული მონაკვეთის გავლას. უკვე შესრულებულია წინასწარი კვლევა – ტერიტორია შესწავლილია დრონით და გარე ვიზუალური დაკვირვებით.
ბოლო გამოკვლევისას აღმოვაჩინეთ ახალი, გაცილებით გრძელი ხეობა მრავალ კასკადური ჩანჩქერით, რაც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის როგორც სპორტული, ისე ტურისტული განვითარებისათვის.
ხეობები მარაგდება მყინვარული წყლებით, ამიტომ ექსპედიციის ჩატარების ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი ოქტომბერია. დაგეგმილი ექსპედიცია მიზნად ისახავს ორი კანიონის სრულ გავლას, რაც საქართველოში კანიონინგის სპორტის განვითარებას ახალ დონეზე აიყვანს და სვანეთში დაამკვიდრებს ახალ სათავგადასავლო მიმართულებას.
ამ ეტაპზე ვეძებთ სპონსორებს საჭირო აღჭურვილობისთვის – თოკების, სადგურებისა და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესაძენად. ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ექსპედიციის განხორციელებაში და საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის გაძლიერებაში.
ექსპედიციის ფარგლებში მოხდება სრული ფოტო-ვიდეო გადაღება, რომლის საფუძველზეც მომზადდება დოკუმენტური ფილმი, რაც პროექტს დამატებით საინფორმაციო და მარკეტინგულ მნიშვნელობას ანიჭებს.