19/06/2017
წაღვერის სამკურნალო მინერალური წყლები წარმოდგენილია ერთი ბუნებრივი მინერალური წყაროთი და რამდენიმე ჭაბურღილით. ეს მინერალური წყლები შეიცავს რკინას, მაგნიუმს, კალციუმსა და ნატრიუმს. გამოიყენება საჭმლის მომნელებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების დროს, დიაბეტის, ღვიძლის და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების დროს; მათი მიღება ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდშიც რეკომენდებულია.
წაღვერის მინერალური წყლის საბადოზე ყურადღება გაამახვილა ბორჯომის მამულის მმართველმა ადოლფ ალექსანდრეს ძე რემმერტმა, რომელმაც 1867 წლის 16 ივნისს კავკასიის სამედიცინო საზოგადოების სხდომაზე გააკეთა მოხსენება მისი კლიმატისა და მინერალური წყლების შესახებ.
წაღვერის მინერალური წყალი აძლიერებს კუჭის სეკრეციას, ადიდებს მჟავიანობასა და კარგად მოქმედებს გასტრიტზე. კიდევ უფრო ადრე დამტკიცებული იყო, რომ წაღვერის „მჟავე წყლის“ სისტემატური მიღება აძლიერებს ჟანგვით პროცესებს ორგანიზმში.
წაღვერში მყოფ ავადმყოფებზე წარმოებულ კლინიკურ დაკვირვებათა საფუძველზე გამოირკვა რომ ამ კურორტის კლიმატური ფაქტორებისა და რკინის წყლის გავლენა სისხლის შემადგენლობაზე დადებითად მოქმედებს. ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობა მატულობს უმრავლეს შემთხვევაში.
წაღვერის მინერალური წყლი, მცირე დებიტის გამო, საექსპლუატაციოდ არ გამოიყენება. მინერალური წყლის გათბობით, დიდხანს ჰაერზე დაყოვნებითა და სინათლის ზემოქმედებით წყალი კარგავს ნახშირმჟავა აირს, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, რომ წყლის მიღება მაშინვეა მიზანშეწონილი. წყალი მაცივარში ერთი კვირის განმავლობაში ინახება.