03/08/2026
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა მერაბ მეტრეველი.
ბატონმა მერაბმა თავისი პროფესიული საქმიანობის მრავალი წელი ქართული სპორტის, განათლებისა და საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას მიუძღვნა.
მისი პროფესიული გზა ხელბურთს უკავშირდება - სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროს მწვრთნელად, ედგა სათავეში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ შევარდენი-სტუს, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს, აგრეთვე ირიცხებოდა სამწვრთნელო შტაბში როდესაც ეროვნულმა ნაკრებმა ორჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება. იყო საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ტურიზმის კომისიის სპეციალისტი. იგი ხელმძღვანელობდა ოლიმპიური რეზერვების სასწავლებელს, მუშაობდა საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე და იყო ოლიმპიური მზადების შტაბის უფროსი.
მერაბ მეტრეველი ასევე იყო საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა საგანმანათლებლო დაწესებულებებს და წლების განმავლობაში ემსახურებოდა სპორტული განათლებისა და პროფესიული კვალიფიკაციის განვითარების საქმეს.
2015 წლიდან მისი საქმიანობა მჭიდროდ დაუკავშირდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს. 2017 - 2023 წლებში ხელმძღვანელობდა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრს, ხოლო 2023 წლიდან იყო საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ბატონი მერაბი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და საქმისადმი ერთგულებით. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალი ხელბურთელის აღზრდაში. ბატონი მერაბის ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება სახელბურთო ოჯახის ყველა წარმომადგენლის გულებში.
პანაშვიდი:
სამშაბათი და ოთხშაბათი
17:00 - 20:00
გასვენება:
ხუთშაბათი, 14:00
სარიტუალო დარბაზი, II სართული
მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა №6ა