31/05/2026
🧠 „ორი ყავა, ორივე დარიჩინით": როდესაც ორი ტვინი ისე ფიქრობს, როგორც ერთი 🧠
ახლო მეგობრების ტვინები ერთსა და იმავე გამღიზიანებელზე თითქმის იდენტურ ნეირონულ პატერნებს ავლენენ. უცნობების - არა.
სტატია განიხილავს, რა მექანიზმი დგას ამ სინქრონიზაციის უკან და რატომ არ არის ეს დამთხვევა. 📄
💭ალბათ გქონია მომენტი, როდესაც გიგრძვნია, იცი რას ფიქრობს შენი მეგობარი; დაგისრულებია მისი წინადადება; ფილმის ერთი და იგივე სცენის ყურებისას ერთად შემკრთალხართ ან, ერთად გიცინიათ რაღაცაზე უსიტყვოდ.
თუ ეს დამთხვევა გეგონა, ცდები! თუ ამ საკითხზე საერთოდ არ დაფიქრებულხარ, მოდი, ერთად ჩავჭყიტოთ ტვინს. 👇
🔬 „ტვინთაშორისი სინქრონირება"
ტვინის შემსწავლელ მეცნიერებაში, ნეირომეცნიერებაში, არსებობს ასეთი ტერმინი - „ტვინთაშორისი სინქრონირება". ეს არის მოვლენა, როდესაც ორ ან მეტ ადამიანს შორის ტვინის აქტივობა კოორდინირებულად მიმდინარეობს. მეტიც, ამ პროცესს ნეირონული კავშირების ხანგრძლივ ცვლილებამდეც მივყავართ, რასაც ტვინთა შორის პლასტიურობა უზრუნველყოფს.
⚡ ტვინთაშორის სინქრონირება აღინიშნება მაშინ, როდესაც ნეირონული სიგნალების გაგზავნა წყვილდება სპეციფიურ სიხშირეზე.
📡 აღნიშნული ეფექტის გაზომვა FMRI, EEG ან FNIRS-ით ხდება.
ამ დროს მეცნიერები გამოყოფენ ორ ეფექტს:
🎬 სტიმულით მართულს (მაგ.: ფილმის ყურება)
💬 ინტერაქციულს (საუბარი, მზერითი კონტაქტი, პრობლემის ერთობლივად გადაჭრა)
🎬 სტიმულით მართული ეფექტი
ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (FMRI) აჩვენებს, რომ ერთი და იგივე ფილმის ყურებისას, ახლო მეგობრების ტვინებს უცნობი ადამიანების ტვინებისგან განსხვავებით, აქტივობის თითქმის იდენტური პატერნები აქვთ. სწორედ ეს მექანიზმი მუშაობს, როცა შენ და შენი მეგობარი ფილმის სიუჟეტზე ერთნაირად რეაგირებთ.
👀 ინტერაქციული ეფექტი
ერთი მზერაც საკმარისია და ორივე სიცილით კვდებით!
💡 ტვინების ემოციური გადამუშავება ერთმანეთს ემთხვევა: ტვინის ერთი და იგივე რეგიონები თითოეულ თქვენგანში ერთნაირად „ინთება", როგორც კი ერთსა და იმავე მომენტს ერთნაირად ინტერპრეტირებთ.
გამოდის რომ სოციალური ინტერაქციის განმავლობაში ტვინთაშორისი სინქრონულობა ტვინის აქტივობის დროებითი დაწყვილებაა. ესაა გაზიარებული ყურადღების, ემოციური თანხვედრისა და კოორდინირებული ქცევის ნეირონული მექანიზმი, რომელიც ტვინებს აძლევს შესაძლებლობას, როგორც წყვილმა ისე იმოქმედოს. მეცნიერები კი ამ ყველაფერს ჰიპერსკანირებით იკვლევენ.
სინქრონულობას ბევრი რამ განაპირობებს, ცხადია, მაგრამ ახლა მინდა ყველაზე უცნობი რაღაცეები გითხრა. მოემზადე, "ცუდი სიტყვები" უნდა ვთქვა - ტვინის რეგიონები! 🧠
🏷️ ამ პროცესებში მონაწილეობას რამდენიმე უბანი იღებს:
🔹 პრეფრონტალური კორტექსი, კერძოდ დორსოლატერალური და მედიალური მხარეები, რომლებიც მაღალი დონის სოციალური კოორდინაციის პროცესებში, გაზიარებულ ყურადღებასა და ემოციურ რეგულაციაშია ჩართული
🔹 ტემპოპარიეტალური კვეთა - გადამწყვეტია „მენტალიზაციისთვის" ან სხვა ადამიანის პერსპექტივებისა და განზრახვების გაგებისთვის
🔹 ქვედა ფრონტალური ხვეული, ქვედა პარიეტალური ლობულა - ამ უკანასკნელს მეცნიერებმა სარკისებრი ნეირონული სისტემა უწოდეს
💚 ასე რომ, შენ, რა თქმა უნდა, იცოდი შენი და შენი მეგობრის ამბები, მაგრამ, დღეიდან ისიც გეცოდინება თუ რა ნეირონული მექანიზმები დგას თქვენი სინქრონული ემოციების, აზრების, ფიქრებისა და ქცევების უკან.
⏳ რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ, ამ პროცესებში გადამწყვეტია დრო და ერთად გატარებული მომენტები.
„ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო" — კაი უთქვამს თავის დროზე მთქმელს, არა?! 😄
✍️ ავტორი: აკაკი უტიაშვილი - კლინიკური ფსიქოლოგი, SFBT ფსიქოთერაპევტი, ფსიქოკონსულტანტი
——————————————
✍️ თუ ხარ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ან დარგის სპეციალისტი და გსურს შენი აკადემიური პოსტი განთავსდეს ჩვენს გვერდზე, მოგვწერე 📩
[email protected]